- საარჩევნო კომისიათა სისტემა
- პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად იქმნება შემდეგი საარჩევნო კომისიები: ცენტრალური, საოლქო და საუბნო. საარჩევნო კომისიის წევრად არჩეული ან დანიშნული შეიძლება იყოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. საარჩევნო კომისიის წევრი შეიძლება წარადგინონ პარტიებმა - წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით 7 საუკეთესო შედეგის მქონე პარტიამ (საარჩევნო ბლოკი), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულმა საზოგადოებრივმა გაერთიანებებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა, ხოლო საოლქო და საუბნო კომისიების შემთხვევებში კი ამომრჩევლებმა. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოთა წევრები, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრობის კანდიდატები, არჩევნებში მონაწილე პარტიისა და საარჩევნო ბლოკების რწმუნებულები, პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირები.Source: საქართველოს მოქალაქე და მისი არჩევანი: სემინარი საქ. ჟურნალისტებისათვის: [ბროშურა / რედ. თამაზ კოსალაშვილი]; კავშირი „დიალოგი“ - თბ.: [ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში], 1999
Georgian encyclopedia. 2013.